sirtulis kategoriebi

სათავგადასავლო კლუბი „ჯომარდი“ სხვადასხვა სირთულის მარშრუტებს გთავაზობთ!

ტურების დაგეგმვისას ჩვენ ვითვალისწინებთ თქვენს სურვილებსა და შესაძლებლობებს. შეგიძლიათ მშვიდ მდინარეზე დაშვებით ისიამოვნოთ, ან თქვენი თავი ექსტრემალურ ჩქერებში გამოცადოთ. როგორი ტურიც არ უნდა აირჩიოთ, თქვენი დაშვება ნებისმიერ შემთხვევაში სახალისო და უსაფრთხო იქნება.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, რაფტინგი საკმაოდ უსაფრთხო და სასიამოვნო გართობად შეიძლება იქცეს. როგორც წესი, ნავში ერთხელმოხვედრილი ადამიანი „ავადდება“ ჯომარდობით და ამ საქმიანობაში მეგობრებისა და ოჯახის წევრების „ჩათრევასაც“ ცდილობს. იმედია, არც თქვენ იქნებით გამონაკლისი.
I კატეგორია – მარტივი მდინარე ჩქერებისა და ნაკადების გარეშე, საჭიროა მხოლოდ მსუბუქი მანევრირება (მტკვარი მცხეთასთან ახლოს). იდეალურია მათთვის, ვინც არ ეძებს ექსტრემალურ თავგადასავალს და უბრალოდ მდინარეზე მშვიდად გასერინება სურს, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

II კატეგორია – სწრაფი მდინარე სხვადასხვა წინააღმდეგობებით (საშუალო სიდიდის ქვები), საჭიროა მანევრირება (არაგვი ზაფხულში). ასეთ მდინარეზე დაშვებას უკვე შეგვიძლია ჯომარდობა ვუწოდოთ.

III კატეგორია – სწრაფი დინება, საშუალო სიდიდის ჩქერები და ორმოები, საჭიროა კარგი მანევრირება (არაგვი გაზაფხულზე, მტკვარი, რიონი). III საფეხურზე გადასვლა II კატეგორიის მდინარეებზე გარკვეული გამოცდილების მიღების შემდეგაა შესაძლებელი. ამგვარი ტურის დასრულებისას ნავში ყველა თავიდან ფეხებამდე სველია.

IV კატეგორია – ძლიერი და სწრაფი დინება, ჩქერები, ორმოები და სტოპერები გარკვეულ საფრთხეს შეიცავს, საჭიროა გამოცდილება მანევრირებისთვის (რიონი, ცხენისწყალი, მტკვარი გაზაფხულზე). ამგვარი დაშვების დროს შეუძლებელია გულგრილობის შენარჩუნება – IV კატეგორიის გავლის შემდეგ ადამიანი ნამდვილი ჯომარდელი ხდება.

V კატეგორია – დიდი ჩქერები, ნაკადში შესაძლოა შეგვხვდეს ლოდები და სხვა წინააღმდეგობები, შეიცავს გარკვეულ რისკს ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის, საჭიროა პროფესიული გამოცდილება (ენგურის, თერგის, მტკვრისა და რიონის გარკვეული მონაკვეთები).

VI კატეგორია – საქართველოში VI კატეგორიის რამდენიმე მდინარეა (თერგი, ენგური, რიონი), სადაც დაშვება ძალიან სარისკოა და სიცოცხლისთვის საშიშ საფრთხეებს შეიცავს. ამ რთული მარშრუტის გავლის შემდეგ თავისუფლად შეგიძლიათ თქვათ, რომ იღბლიანი ადამიანი ხართ.

გაუზიარე მეგობრებს